„ენჯეოებს“ არასდროს დაუგმიათ მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მაშინ გამჭვირვალობის შესახებ კანონს რომ ემოქმედა, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და საკუთარ დონორებს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ახლა თავხედურად საუბრობენ რუსულ ინტერესებზე.
„2022 წელს „ენჯეოები“ ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას. ისინი ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. პირველივე წელს გვექნებოდა ეკონომიკის, სულ მცირე, ათპროცენტიანი ვარდნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა. კოვიდის დროს ჩვენ გვქონდა მინუს ექვს-ნახევარი პროცენტი. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რას გამოიწვევდა პირველივე წელს, სულ მცირე, ათი პროცენტით ეკონომიკის შემცირება. ეკონომიკური კოლაფსი იყო მათი მიზანი;
რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ეს იყო მთავრობის თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. შეგახსენებთ, კონკრეტული „ენჯეოები“, შესაბამის პარტიებთან ერთად, ითხოვდნენ ამ ყველაფერს. ასევე, კიდევ ერთხელ გვინდა, შეგახსენოთ მათი ერთ-ერთი ლიდერის ცნობილი ფრაზა, ვციტირებ: „რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. ახლა ეს კონკრეტული ლიდერი, „ენჯეოს“ ლიდერი თავხედურად გვესაუბრება რუსულ ინტერესებზე. ზუსტად ამ ადამინებმა შემოიყვანეს 2008 წელს რუსული ტანკები საქართველოში, იმავე მიზანს ემსახურებოდა მათი განცხადებები 2022 წლის თებერვალ-მარტში და მოგვიანებით. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ „ენჯეოებს“ არასდროს დაუგმიათ, მაგალითად, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. უნდა დაეგმოთ, თუ მეორე ფრონტი არ შედიოდა მათ ინტერესებში. არცერთხელ დაუგმიათ არცერთი ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტად ქცევისკენ. დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და საკუთარ დონორებს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.