გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განიხილავს.
„რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი მიმართული. გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის, კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზე. ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის სწორედ პირველ რიგში, მეგობრების პასუხისმგებლობა. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, არის პირველ რიგში, სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა პრემიერმა.