უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ, ემზადებიან ახალი შეტევისთვის, რომელიც მოსალოდნელია მაისის ბოლოს ან ივნისში. თუმცა, რომელ მიმართულებაზეა საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია. ამის შესახებ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას ახლა დახმარება სჭირდება.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ჯერ არ არიან მზად რუსეთის კიდევ ერთი დიდი შეტევისთვის რომელიც უახლოეს თვეებში, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ან ივნისში მოსალოდნელი.
”და ამისათვის ჩვენ არა მხოლოდ უნდა მოვემზადოთ, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ სიტუაციის სტაბილიზაცია, რადგან პარტნიორები ზოგჯერ ძალიან ბედნიერები არიან, რომ ჩვენ დავასტაბილურეთ სიტუაცია. არა, მე ვამბობ, რომ ახლა გვჭირდება დახმარება,” - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინის არმიამ ვითარება დაასტაბილურა და ეს უკეთესია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ, როცა საარტილერიო საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა ტიპის იარაღის დიდი დეფიციტი იყო.
ზელენსკი ჟურნალისტებს სუმში ყოფნის დროს შეხვდა. იქ მან დაათვალიერა ქალაქის ირგვლივ ახლად გათხრილი მიწისქვეშა ბუნკერები.
მისი თქმით, მთელი ტერიტორია საბრძოლო მზადყოფნაშია. „ჩვეულებრივ, როდესაც ისინი სოფლებს თავს ესხმიან არტილერიით და ანადგურებენ, ყოველთვის ცდილობენ შემდეგში დაიკავონ ეს სოფლები. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ხვალ, ამიტომ უნდა მოვემზადოთ“, - თქვა ზელენსკიმ.