"ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ეუთო მზად არის თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გამოგზავნოს.
ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ის ბუდაპეშტში ვარშავასა და ვენაში სხვადასხვა ფორუმში მონაწილეობდა. დოლიძე შეხვდა მაღალი რანგის დიპლომატებს და ეუთოს გენერალურ მდივანს. მისი ინფორმაციით, შეხვედრებზე ძირითადი განსახილველი საკითხი საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატიზაციის საკითხი იყო.
დოლიძის განცხადებით, ეუთო მზად არის საქართველოში გახსნას ოფისი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევს.
"ეუთო მზად არის მოავლინოს არა მხოლოდ მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია, არამედ გრძელვადიანი მისია. ეუთო ჩართულია მოლაპარაკებების პროცესში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და ისინი მზად არიან პროცესში მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა", _ განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.