ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლზ მიშელმა მკაცრად დაგმო ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა იმ დროს, როდესაც იქ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი შეხვედრას მართავდნენ. ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მიშელის თქმით, რუსეთის თავდასხმა ოდესაზე უკრაინისა და საბერძნეთის ლიდერების იქ ყოფნისას "რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში".
"ეს არის იმაზე მეტი სიმდაბალე, ვიდრე ჩვეულებრივ მოქმედებს კრემლი. ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის მიმართ არ შეირყევა", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ძლიერი აფეთქება მოხდა. რეგიონში სასწრაფოდ გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის განგაში. ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო.
ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ოდესაში მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ყოფნისას რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები.
თავდასხმის დროს ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ოდესის პორტში. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, აფეთქებები მათთან ახლოს იყო.