სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ ერევნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ სომხეთის წინაშე უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის. და ეს პოზიცია, გულწრფელად ვამბობ, არის საფრთხე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა
მისი თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები სომხეთის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა.
მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობა გაყინა.
„ჩვენი აზრით, სომხეთის მიმართ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ არ განხორციელებულა, განსაკუთრებით, 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს. ჩვენ გავყინეთ მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ერევანს არ ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ და საკმაოდ დიდი ხანია არ მონაწილეობს ღონისძიებებში. „რა თქმა უნდა, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს კონსენსუსის პრინციპი, ამიტომ ჩვენ არაფერს ვბლოკავთ, მაგრამ ასევე არ ვმონაწილეობთ მარტივი მიზეზის გამო: არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა?“ - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ ვერ დაიცვა სომხეთი ყარაბაღის ომის ფონზე, რომელიც დასრულდა 2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის ბაქოს კონტროლის ქვეშ გადაცემით. შედეგად, რეგიონის სომეხი მოსახლეობის 100 ათასზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა იგი. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომელიც 1991 წლიდან არსებობდა, 2024 წლის 1 იანვარს გაუქმდა.