ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ირანი აღნიშნავს 1979 წლის ისლამური რევოლუციის 45-ე წლისთავს.
ათასობით ირანელმა სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით მსვლელობა მოაწყო მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, რომლებიც მორთული იყო დროშებით და რევოლუციური და რელიგიური ლოზუნგებით დატვირთული ბანერებით.
თეირანში ხალხმრავალ მსვლელობაში სკანდირებდნენ ტრადიციულ ლოზუნგებს "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს". ზოგიერთ ადგილებში დაწვეს ისრაელისა და აშშ-ის დროშები, რაც მთავრობის მიერ მხარდამჭერილ აქციებში გავრცელებული პრაქტიკაა.
სახელმწიფო ტელევიზიის მტკიცებით, ხალხმრავალი მსვლელობები მოეწყო ირანის მრავალ ქალაქში, რომელსაც "მილიონობით ადამიანი ესწრებოდა".
ისლამური რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა 1 თებერვალს იწყება, ამ დღეს 1979 წელს, ისლამური რევოლუციის ლიდერი აიათოლა ხომეინი თეირანში პარიზიდან 15-წლიანი დევნილობის შემდეგ ჩავიდა. ოდნავ მოგვიანებით კი, 11 თებერვალს ირანში შაჰის მმართველობა დაემხო.
1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციამდე, ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი.
მიუხედავად იმისა, რომ შაჰის მმართველობა დიქტატორულ ნიშნებს შეიცავდა, მან მოახერხა ქვეყნის ვესტერნიზაციის გზაზე დაყენება, მოდერნიზება და გარკვეულწილად კულტურული თავისუფლების მოპოვება.
შაჰის მმართველობის ჟამს, ირანის ეკონომიკა და საგანმანთლებლო შესაძლებლობები გაიზარდა. თუმცა შაჰის ავტორიტარულმა ქმედებებმა, ფუფუნებისკენ უსაზღვრო სწრაფვამ, საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო ქვეყანაში ისლამური რევოლუციის პროვოცირებას.