თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ, დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პრესის სააგენტო (PAP) ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ისინი თბილისში პოლონეთიდან ექსტრადირებული საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეების დაბრუნების ოპერაციას ახორციელებდნენ.
სასაზღვრო დაცვის მთავარსარდლის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკის, ანდჟეი იუჟვიაკის პრესმდივნის განცხადებით პოლონელ ოფიცრებს ოპერაცია დასჭირდათ.
სასაზღვრო დაცვის თანამშრომელთა ჯგუფს თავს დაესხნენ თბილისში. ამ ინციდენტის შედეგად, ჩვენი ორი ოფიცერი თავის სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი უტარდება," - განაცხადა სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლონეთის სამ მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. ამასთან, შსს-ის ცნობითვე, ერთ-ერთმა დაკავებულმა მათზე ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა.