საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას დადებითად აფასებს, თუმცა მის სერიოზულობაში ეჭვი ეპარება.
"თუ გრიგორი კარასინმა სერიოზულად თქვა, რომ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნას მოსკოვი პოზიტიურად უყურებს, მაშინ ქართული მხარე მას დადებითად აფასებს", - განუცხადა საგრეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას, თუმცა აქვე განმარტა, რომ კარასინის განცხადების ჭეშმარიტებაში ქართულ მხარეს მაინც ეჭვი ეპარება და მას სკეპტიკურად უყურებს.
მისივე განმარტებით, თუ მოსკოვი ლარსის გახსნისთვის მზადაა, ეს ქმედითი ნაბიჯებით უნდა დაამტკიცოს.
"ჩვენ ამ პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნა უკვე დავაფიქსირეთ. თუ აღნიშნულს მოსკოვიც პოზიციურად უყურებს, მაშინ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს",- განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას პოზიტიურად უყურებს.