უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრიი ერმაკის განცხადებით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.
„უახლოეს დღეებში უკრაინის უმაღლესი რადა ევროინტეგრაციის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებას გეგმავს. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, - წერს ერმაკი.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს ევროსაბჭოს შეხვედრა, რომელიც 14 და 15 დეკემბერს გაიმართება. როგორც ერმაკმა აღნიშნა, უკრაინა იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე ევროკავშირის საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ერმაკი აღნიშნავს, განიხილეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე.