“ჰამასის“ მძევლების შემდეგი ჯგუფი ღაზის სექტორს 25 ნოემბერს დატოვებს, ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 24 ნოემბერს საღამოს განაცხადა.
„დღევანდელი მძევლების გათავისუფლება მხოლოდ პროცესის დასაწყისია, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილით 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს, მათ შორის მოხუცები, ბებია და დედები მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ზოგიერთი ექვს წლამდე ასაკის, ამასთან ერთად, რამდენიმე ტაილანდელი და ფილიპინელი. ყველა ამ მძევალმა გაიარა საშინელი განსაცდელი და ეს მათთვის განკურნების დასაწყისია. ჩვენ ველით, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი მძევალი გათავისუფლდება, ზეგ და შემდეგ დღეებში“, - თქვა ბაიდენმა ღაზაში მძევლების მდგომარეობაზე საუბრისას.
მისი თქმით, ის ხედავს "რეალურ შანსს" გაგრძელდეს პაუზები ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმდებებისას .
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოელის არაბული ქვეყნებისგან ისრაელსა და „ჰამასზე“ ზეწოლას, რათა ბრძოლა რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ბაიდენის განცხადებით, მან მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, „ჰამასის“ ლიკვიდაციის მცდელობის პროცესში ყურადღება გაამახვილოს მსხვერპლის რაოდენობის შემცირებაზე, რაც „რთული ამოცანაა“.
„მე მოვუწოდე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, სანამ ის „ჰამასის“ ლიკვიდაციას ცდილობს, რაც მისი ლეგიტიმური მიზანია, ყურადღება გაამახვილოს მსხვერპლის რაოდენობის შემცირებაზე. ეს არის რთული ამოცანა და არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება“, – განაცხადა ბაიდენმა.
გარდა ამისა, ამერიკელმა ლიდერმა მოუწოდა განახლდეს ძალისხმევა ისრაელსა და პალესტინას შორის ორი სახელმწიფოს შესახებ გადაწყვეტილებს მისაღწევად.
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ძალადობის ციკლი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ უნდა განვაახლოთ ძალისხმევა „ორი სახელმწიფოს“ კონცეფციის ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღწევად, რათა ისრაელელებმა და პალესტინელებმა ერთ დღეს შეძლონ ერთმანეთის გვერდით ცხოვრება,” - თქვა მან.