ევროპული საქართველოს ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი რუსეთის საგარეო უწყების მიერ ჟენევის დისკუსიებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შეფასებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ის ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მტერია.
მისი თქმით, ერთადერთი გზა, რომ მტერმა ჩვენი მოქალაქეების ხოცვისგან თავი შეიკავოს, არა ჟენევის მოლაპარაკებები, არამედ ისაა, რომ ეს დანაშაულები ფასი დაუჯდეს.
„ამაზე უნდა ზრუნავდნენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები, მაგრამ საქართველოს ეს სამსახურები არ გააჩნია, ისინი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნიან და მისი ლაქიების უსაფრთხოებას იცავენ.
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავდნენ ოკუპანტებისგან და მათი სიცოცხლე ოკუპანტს მძიმე ფასი უჯდებოდეს, პოლიტიკური ოპონენტების და სამღვდელოების საძინებლებში თვალთვალით არიან დაკავებულნი“ - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით კირბალში მომხდარი "ინციდენტის" შემდეგ, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს.