მინდა, ყველას მოგილოცოთ ევროკომისიის დღევანდელი დასკვნა და მიღწეული შედეგების აღიარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაცია, პირველ რიგში, ამ შრომისა და შესაბამისი შედეგების აღიარებაა.
„მადლობა გვინდა გადავუხადოთ ევროკომისიის წარმომადგენლებს სამართლიანი და ობიექტური რეკომენდაციის გაცემისათვის, რომელიც არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პოზიტიური დასკვნის მომზადების და საქართველოში არსებული დემოკრატიული პროგრესის ობიექტურად შეფასების პროცესში.
მადლობა საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, ვინც დაუღალავად და კეთილსინდისიერად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად.
და რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომლის სიმტკიცემ და ყველა სიტუაციაში გონიერებამ მოგვცა საშუალება ღირსებისა და სიმართლის დაცვით გვევლო ამ რთულ გზაზე.
საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში და თანხმდებოდა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული უამრავი დეტალი, რამაც, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოზიტიური შეფასების გაცემაში.
ბუნებრივია, ევროკომისიის მიერ მომზადებული დასკვნა კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.