პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს თავიდანვე ჰქონდა გარანტიები, რომ რადიკალური ოპოზიცია არ დაუჭერდა მხარს იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ვერ გარისკავდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ისაუბრა.
„სამართლებრივი მხარე წარიმართება თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ უკვე პროცედურის პოლიტიკური ნაწილი გადმოდის საქართველოს პარლამენტში, სადაც იმპიჩმენტის სათანადოდ დასრულებას სჭირდება 100 ხმა. ჩვენ არ გვაქვს ამის მოლოდინი. თავიდანვე ვამბობდით, როცა იმპიჩმენტი აღვძარით, რომ ასი ხმის მოლოდინი არ გვაქვს მარტივი მიზეზის გამო – სალომე ზურაბიშვილს თავიდანვე ჰქონდა გარანტიები, როდესაც ის უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ვერ გარისკავდა. მისთვის მნიშვნელოვანია, არა მარტო მისთვის, თავისი პატრონებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი წელი კიდევ ეკავოს სალომე ზურაბიშვილს, საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით და საპარლამენტო არჩევნებს მიღმა კიდევ დაახლოებით ერთი თვე უწევს პრეზიდენტობა, მათთვის მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილს კვლავაც ეკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, რომ რადიკალური ოპოზიცია არ დაუჭერდა მხარს იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი ვერ გარისკავდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასი ხმის მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.