უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში მდებარე თავდაცვის საწარმო Carfil-ისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას ევროპის უსაფრთხოებაზე თავდასხმა უწოდა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე დაწერა.
სიბიჰას განცხადებით, რუმინეთში გამოვლენილი დივერსიული ქსელი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი ევროპაში ვითარების დესტაბილიზაციას.
„რუსეთი უკვე უტევს ევროპის უსაფრთხოებას. დივერსიები, ცეცხლის წაკიდება და ფარული ოპერაციები ევროპის ქვეყნებზე შიგნიდან თავდასხმისთვის გამოიყენება. რუმინეთში გამოვლენილი ქსელი ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, - წერს ის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მსგავსი ინციდენტები ცალკეულ შემთხვევებად არ უნდა განიხილებოდეს.
„მოსკოვის მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ მიზანი უცვლელია: შეასუსტოს ევროპის თავდაცვისუნარიანობა და უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობა“, - აღნიშნა სიბიჰამ.
მისივე თქმით, უკრაინა რუმინეთის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს, გადამწყვეტი ზომები მიიღონ რუსეთის მზარდი დივერსიული კამპანიის წინააღმდეგ. მათ შორის, დააწესონ დამატებითი სანქციები და გაამკაცრონ ზომები რუსეთის ქსელების გასანეიტრალებლად.
შეგახსენებთ, რუმინეთის სადაზვერვო სამსახურმა გამოავლინა რუსეთიდან მართული დივერსიული ქსელი, რომელიც 14 სექტემბერს ქალაქ ბრაშოვში მდებარე იარაღის მწარმოებელ ქარხანა Carfil-ში ცეცხლის წაკიდების მცდელობასთან არის დაკავშირებული. მედიის ცნობით, საქმეზე ეჭვმიტანილები არიან უკრაინის ერთი და ბელარუსის ორი მოქალაქე.
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა რუმინეთის ტერიტორიაზე დივერსიულ აქტებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობა დაგმო.
ამასთან, დღეს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა, რათა Carfil-ის ქარხანაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებები მიეღო. რუმინული მხარის თანახმად, დივერსიის უკან, სავარაუდოდ, რუსეთიდან მართული ქსელი იდგა.