რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა, რათა მათ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ საკუთარი პოზიცია წარმოადგინონ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
როგორც მედია წერს, პუტინმა ამის შესახებ შენჟენში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ უნდა გავიგოთ, რა წინადადებებით მოვა ევროპა ამ მოლაპარაკებებზე. ამიტომ დიპლომატიური არხებით ევროპელებს მოსკოვში ჩამოსვლა შევთავაზეთ, რათა მათი პოზიცია განვსაზღვროთ“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ კრემლი გადაწყვეტს, რა ფორმატით გააგრძელოს უკრაინის საკითხზე დიალოგი.
პუტინის თქმით, რუსეთს აინტერესებს, რა ფორმით აპირებს ევროპა უკრაინის დახმარებას.
„ახლა საუბრობენ უკრაინის ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებაზე (...). თუმცა ნებისმიერი ფორმით შესაძლო სამხედრო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, პრობლემაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ ერთსა და იმავეს: ჩვენთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხოური ჯარის განთავსება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი „ომის დასრულებაა“.
„ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უკრაინაში ჯარებს შეიყვანენ. ეს რას ნიშნავს? გამოდის, რომ მათ [ევროპელებს] უკრაინაში მშვიდობა არ სურთ. სწორედ ეს საკითხია გასარკვევი. ამიტომ შევთავაზეთ ევროკავშირის წარმომადგენლებს მოსკოვში ჩამოსვლა და ყველა ამ თემაზე საუბარი. უნდა განვიხილოთ უსაფრთხოების ყველა საკითხი, რომელიც უკრაინას, რუსეთსა და ევროპას ეხება“, - აღნიშნა პუტინმა.