თურქეთის პოლიციამ 30 პროვინციაში ჩაატარა სპეცოპერაცია დაჯგუფება Daltons-ის წინააღმდეგ, რომელსაც პოლონეთში Starlink-ის ობიექტების დაწვაში შესაძლო კავშირი აქვს. დაკავებულია 85 ადამიანი, მათ შორის 35 არასრულწლოვანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სტამბოლის პროკურატურის კოორდინაციით ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ აღნიშნული პირები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკავა.
გამოძიების თანახმად, დაჯგუფება სოციალურ ქსელებში ადამიანებს იბირებდა და WhatsApp-ის ჯგუფებში ამატებდა, სადაც ისინი თავდასხმების განხორციელების შესახებ მითითებებს იღებდნენ.
გამომძიებლებმა გამოავლინეს პირები, რომლებიც, მათი ვარაუდით, თავდასხმებს ამზადებდნენ. პოლიციამ მათ დასაკავებლად ქვეყნის მასშტაბით რეიდები ჩაატარა.
ამ საქმეს უკავშირდება გერმანიაში თურქეთის ორი მოქალაქის დაკავებაც. ისინი პოლონეთის მოთხოვნით გაცემული ევროპული დაკავების ორდერების საფუძველზე დააკავეს.
ამ პირების დაჯგუფება Daltons-თან შესაძლო კავშირების შესახებ ეჭვები გერმანული ჟურნალ Der Spiegel-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ის ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად გაჩნდა.
თურქი გამომძიებლების ვარაუდით, დაჯგუფება Daltons-ს რუსეთიდან მართავს მისი სავარაუდო ლიდერი ბერათქან გიოქდემირი, რომელიც „კან დალტონის“ სახელით მოქმედებს და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
გიოქდემირი რუსეთში 2024 წელს დააკავეს, თუმცა თურქეთის მოთხოვნების მიუხედავად, მისი ექსტრადიცია არ მომხდარა.
თურქეთის პროკურატურა დაჯგუფებას მკვლელობებთან, შეიარაღებულ თავდასხმებთან, გამოძალვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან აკავშირებს.
თურქეთმა ასევე გაყინა 399 პირის აქტივები, რომლებიც Daltons-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილებად მიიჩნევიან. გამოძიების შესახებ ინფორმაცია აგვისტოში გავრცელდა.
ცნობისათვის, 23 სექტემბერს პოლონეთის სოფელ ვოლა-კრობოვსკაში მდებარე Starlink-ის სატელიტური კავშირის სახმელეთო სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო დივერსიისა და უცხოური დაზვერვის ინტერესებში ტერორისტული ხასიათის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე.
14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში Starlink-ის სადგურის სავარაუდო განზრახ დაწვის საქმეზე დაკავებულ თურქეთის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა.