ხვალ, 22 დეკემბერს, "თბილისის ომის" დაწყებიდან 19 წელი სრულდება. 1991 წლის 22 დეკემბერს დილის 8-ის ნახევრიდან, რუსთაველის გამზირზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ოპოზიციის მომხრეთა შორის დაპირისპირებით შეიარაღებული შეტაკება დაიწყო.
თბილისის ომმა, რომელიც 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, არაოფიციალური მონაცემებით, 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
საარტილერიო სროლების შედეგად დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობები: პარლამენტის შენობა, თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობა, სასტუმრო "თბილისი", მხტვრის სახლი და სხვა ნაგებობები.
შეიარაღებული დაპირისპირება 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას და მის მომხრეთა გაქცევით დასრულდა, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა.
ექს-პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ეროვნული გვარდიის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის მიერ იყო პროვოცირებული. მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა, ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღო სამხედრო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ექს-პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა, ექს-თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და შეიარაღებული ფორმირების, "მხედრიონის" მეთაური ჯაბა იოსელიანი.
გამარჯვებულთა ტრიუმვირატმა სსრკ-ის ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იმჟამად მოსკოვში ცხოვრობდა, მიიჩნია ფიგურად, რომელსაც ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დამყარება შეეძლო. მათ 1992 წლის 7 მარტს შევარდნაძე საქართველოში ჩამოიყვანეს და 10 მარტს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.