პირველი პრეცედენტი როგორც კი შეიქმნა და საქართველოს მოქალაქე, ფარცხალაძე აღმოჩნდა სანქცირებულთა სიაში, ბანკებმა იმოქმედეს პრაქტიკულად იმ წესის მიხედვით, ავტომატურად გაავრცელეს მასზე ყველა უზრუნველყოფის ღონისძიება. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება მაშინ არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ბანკებმა გააგრძელეს მოქმედება, როგორც აქამდე მოქმედებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით და ანალოგიური მიდგომით მიუდგნენ ფარცხალაძესაც. მაგრამ ვინაიდან შეიქმნა პირველი პრეცედენტი, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვეანალიზებინა, მომავალში ეს პრეცედენტი როგორ იმოქმედებს. არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა პირველი „ქეისი“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, თუკი მომავალშიც ეს პრეცედენტები განმეორდება და შეიძლება განმეორდეს, როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეთ. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, რადგან ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს.
ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსმა, მათ შორის ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც გახლავთ იურისტი, კონსტიტუციონალისტი და კომპეტენტური ადამიანი ამ საკითხში, დასვა საკითხი, რამდენად სწორია, საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში ზოგადად ამ წესით სანქციები ავტომატურად აღსრულდეს იმის გარეშე, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და გამამტყუნებელ განაჩენს, რამდენად შესაბამისობაშია ეს კონსტიტუციასთან, ეს ლეგიტიმური კითხვა იყო და ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, თუკი ეჭვქვეშ დგება, რამდენად შეესაბამება ჩვენი ქმედება კონსტიტუციას. ამიტომ რასაკვირველია, ჩვენც მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება, რადგან საქმე ეხება სანქციებს და აქ მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი ნაბიჯი იყოს ეფექტური, სწრაფი და გამჭირვალე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის არ იყოს ორაზროვნება, ვაკეთებთ ამ განმარტებას. ამიერიდან ამ წესით მოვუდგებით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც შეიძლება, ამ სიაში აღმოჩნდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.