გაზეთმა "ასავალ-დასავალი" რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებული სკანდალური სტატიის ინფორმატორად ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დაასახელა.
გაზეთის დღევანდელ მასალაში "ასავალ-დასავალის" ინფორმატორი კულისებიდან გამოდის" ლევან გაჩეჩილაძესა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დეტალების შესახებ დაწერილი სტატიის ინფორმატორად სწორედ ბიწაძეა დასახელებული.
სტატიის მიხედვით, ბადრი ბიწაძე 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა გაიმართა, შავნაბადაზე იმყოფებოდა.
"გრეჩიხა უმტკიცებს სააკაშვილს, რომ შეუძლია გადმოაყუდოს. სააკაშვილი ეუბნება, რა გინდა, რა გაგიკეთო? "გრეჩიხა" ამ დროს ხმას არ იღებს და როგორც მერე ვნახე, ფურცელზე უწერდა თავის პირობებს. "გრეჩიხა" რომ წავიდა, მან ფურცელი გამომიწოდა და აჰა, წაიკითხე, რა მომთხოვაო",- აღნიშნავს ბიწაძე.
ბიწაძის მტკიცებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს ლევან გაჩეჩილაძეს იპოდრომზე შეკრებული ხალხის გაჩერება უჭირდა და სააკაშვილს დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ინაუგურაციის სწრაფად დამთავრებას სთხოვდა.
"გრეჩიხა" ურეკავს სააკაშვილს, რომ დროზე მორჩეს ინაუგურაციას, თორემ ხალხს ვერ აჩერებს. ბოლოს "გრეჩიხა" ურეკავს ბურჯანაძეს - ბოლო-ბოლო რა ხდება, ძალიან გაიწელა ინაუგურაციაო, მე ჩემს პირობას ვასრულებ, მაგრამ ეს ხალხი რომ დაიძრას, მე რა ვქნაო. ნინომ უთხრა "გრეჩიხას", შენ ჩემთან არანაირი პირობა არ დაგიდია და ვისთანაც დადე, იმასთან შეასრულეო", - ამბობს ბიწაძე.
შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წელს, პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, შავნაბადაზე მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე გაჩეჩილაძემ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ხალხის დაშლის სანაცვლოდ რამდენიმე პირობა დააყენა და მოთხოვნები ფურცელზე დაწერა, რადგან ხმის ჩამწერის შიში ჰქონდა და სიფრთხილე გამოიჩინა.
მიხეილ სააკაშვილი ამ მოთხოვნებს კითხულობდა და ლევან გაჩეჩილაძეს სიტყვიერ პასუხებს აძლევდა.
სტატიის ავტორის მტკიცებით, მოთხოვნების მიხედვით, ლევან გაჩეჩილაძე პრემიერ-მინისტრად უნდა დაენიშნათ, თინა ხიდაშელი კი გენერალური პროკურორად.
ამასთან, გაჩეჩილაძემ "საკუთარი გარემოცვისთვის" 5 მილიონი ითხოვა, ხოლო ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად, 10-12 მილიონი.
სტატიის ავტორის მტკიცებით, სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს ავანსად 2 მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი სააკაშვილის მიერ მის "გადაგდებას" ასახელებს.