უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების გაძლიერება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასასრულს აახლოებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან მოისმინა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიში, კერძოდ, მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკისგან, და ასევე ისაუბრა რუსული შორი დისტანციის დარტყმებისგან დაცვასა და შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მუშაობაზე.
„მადლობელი ვარ ჩვენი თითოეული უკრაინელი ჯარისკაცის სიზუსტისთვის და იმისთვის, რომ მათ შეძლეს რუსეთის ყველაზე შორეულ რაიონებზეც კი დაერტყათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ერთობლივი მუშაობა - ყველაფერი, რაც უკრაინას შორ მანძილზე მოწმედი შესაძლებლობებს სძენს, გვეხმარება ამ ომის დასასრულს მივუახლოვდეთ“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგადად, მზადდება ახალი გადაწყვეტილებები და პარტნიორებთან ახალი შეთანხმებები, რაც უკრაინას როგორც თავდაცვის, ასევე აღდგენის კუთხით გააძლიერებს.
„მომდევნო კვირა ძირითადად უკრაინის აღდგენის საკითხს დაეთმობა - პარტნიორებთან ახალ შეთანხმებებს და ასევე, მრავალი თვალსაზრისით, სამართლიანობის აღდგენას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.