იმპიჩმენტის პროცედურა ერთადერთი გზა იყო, რაც მმართველ პარტიას ჰქონდა დარჩენილი. როცა სახეზეა კონსტიტუციის უხეში დარღვევა, სხვა სივრცე არ რჩება, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციური ორგანოების მნიშვნელობა და არსი ყველამ უნდა გააცნობიეროს.
„კონსტიტუციას პატივს თუ ვცემთ და სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელობას ვითვალისწინებთ, სხვა გზა არ არსებობს. უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. პრეზიდენტის მხრიდან არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა შეთანხმების გარეშე ვიზიტების განხორციელება? როგორ ხსნიან, პრეზიდენტისა და მთავრობის როლს? კონსტიტუციაში ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე წერია, რომ პრეზიდენტს საგარეო წარმომადგენლობის დროს მთავრობის თანხმობა სჭირდება. ეს იგივეა, პარლამენტმა, ამნისტიასთან ერთად, შეწყალებაც განახორციელოს. პრაქტიკულად, პრეზიდენტმა შესაბამისი ნაბიჯები გამოტოვა და კონსტიტუცია დაარღვია. ამიტომ ყველამ უნდა გააცნობიეროს კონსტიტუციური ორგანოების მნიშვნელობა და არსი. არ მომისმენია ახსნა, ვინ ამბობს, რომ ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევა. რაც შეეხება 78-ე მუხლის მოშველიებას, ოპონენტები მიზანმიმართულად ტოვებენ სამ სიტყვას: „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში“. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან თანხმობით შეიძლება წვლილი შეიტანოს შესაბამის ღონისძიებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაოსს მივიღებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ყველა უწყება რომ ერთმანეთის კომპეტენციაში ერეოდეს, როგორ შეეწყობა ხელი ევროინტეგრაციას?“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.