ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა თანამდებობას დროებით ჩამოაშორა.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე რუბიალესი ყველანაირ საფეხბურთო საქმიანობას, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე, 90 დღით იქნება ჩამოცილებული, ვიდრე საქმის სადისციპლინო განხილვა დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისი ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ტურნირის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონიალზე 46 წლის რუბიალესმა ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა.
მოგვიანებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა, თუმცა მის წინააღდეგ კამპანია აგორდა ესპანეთში და მისფარგლებს გარეთ.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა რუბიალესის გადადგომა მოითხოვეს და უარს ამბობენ თამაშზე, ვიდრე მას პოსტიდან არ გაათავისუფლებენ.
თავად რუბიალესმა განაცხადა, რომ ეს იყო სპონტანური და ორმხრივი ჟესტი.
ორგანიზაციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კი 5-ჯერ გაიმეორა, რომ თანამდებობას არ დატოვებდა.