ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი აცხადებს, რომ თანამდებობას არ დატოვებს. აღელვებულმა რუბიალესმა ორგანიზაციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 5-ჯერ გაიმეორა, რომ თანამდებობიდან არ წავა.
"შეცდომა დავუშვი, მაგრამ არ ვაპირებ გადადგომას! არ გადავდგები, არ გადავდგები", - აღლვებულმა რუბიალესმა ეს ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა, რასაც დარბაზისგან ტაშიც კი მოჰყვა.
ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პოსტს დატოვებდა. რუბიალესის გადადგომის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაჯილდოების ცერემონიაზე მან ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია როგორც ესპანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
"ეს უბრალოდ კოცნა იყო, როგორც ჩემს ქალიშვილებს ვაკოცებდი. ეს ხალხი საჯაროდ ჩემს მოკვლას ცდილობს და მეც თავს დავიცავ სასამართლოში. ეს იყო სპონტანური და ორმხრივი ჟესტი. ყველა ფეხბურთელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ძალიან თბილი მომენტები გამოვიარეთ. ჯენის ვუთხარი, რომ გაცუდებული პენალტი დაევიწყებინა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა", - აღნიშნა რუბიალესმა.
ესპანელმა ფეხბურთელმა ჯენი ჰერმოსომ განაცხადა, რომ ლუის რუბიალესისთვის კოცნაზე თანხმობა არ მიუცია.
„მინდა განვმარტო, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიმიცია კოცნაზე თანხმობა. ვერ მოვითმენ, როდესაც ჩემს სიტყვებს ეჭვქვეშ აყენებენ, მეტიც როდესაც იგონებენ სიტყვებს, რომლებიც მე არ მითქვამს“, - განაცხადა ჰერმოსომ.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები რუბიალესის გადადგომას მოითხოვენ და უარს ამბობენ თამაშზე, ვიდრე მას პოსტიდან არ გაათავისუფლებენ.
ესპანეთის ხელისუფლებამ ინციდენტთან დაკავშირებით სასამრთლო განხილვის ინიცირება მოახდინა. ფიფამ კი დისციპლინარული გამოძიება დაიწყო.
„ფიფა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას ყველა ადამიანის ხელშეუხებლობის პატივისცემის თაობაზე და კატეგორიულად გმობს მის საწინააღმდეგო ნებისმიერ მოქმედებას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ესპანეთის ქალთა ნაკრებმა ფინალში ინგლისი 1:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.