ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ის, რომ ისინი გააკეთებენ მაამებლურ განცხადებებს, რომელიც გაამყარებს იმ პოზიციას, რომელიც დააფიქსირა მედვედევმა, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
ბოტკოველი გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელშიც მან თქვა: “უკვე ცხადია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის გაცილებით კომფორტულია იცხოვროს ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად. რუსეთი მეზობლადაა, ამერიკა - ოკეანის გაღმა. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია ნონსენსია, სიმახინჯეა, მძიმე დაავადებაა, საბედნიეროდ, ის სრულად განკურნებადია“. მედვედევმა ასევე განაცხადა: "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იქნება".
ბოტკოველის თქმით, არავინ მოელის, რომ მედვდედვის განცხადების საპასუხოდ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს.
“რა შეიძლება გააკეთოს ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ ამას ნამდვილად არავინ არ ელის და ეს არის ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება ხოლმე თუნდაც პუტინის, თუნდაც მედვედევის და სხვა ამ კრიმინალი ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან ფაქტობრივად აგრესორები და აზიანებენ მთლიანად ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროს. ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ის მაამებლური განცხადებები, რომელიც გაამყარებს იმ პოზიციას, რომელი პოზიციაც დააფიქსირა მედვედევმა და არა საქართველოს რეალურ პოზიციაზე, რომელიც უნდა მიისწრაფვოდეს დამოუკიდებლობისკენ და ევროპული მომავლისკენ,” –განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.