ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ აღიარა, რომ ომის დაწყებისას რუსული არმიის ნაწილი უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა. თუმცა ამ აღიარების მიუხედავად, ლუკშენკა რუსეთის აგრესიის გამო თავის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
„დიახ, ბელარუსის ტერიტორიიდან ცალკეულმა ნაწილებმა {რუსეთის ჯარის} უკრაინის საზღვარი გადაკვეთა {24 თებერვალს}, - განაცხადა ლუკაშენკამ უკრაინელ ჟურნალისტ დიანა პანჩენკოსთან ინტერვიუში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ეჭვობს, რომ პანჩენკო უკარინაში რუსეთის აგრესიას ამართლებს. ადრე ის ვიქტორ მედვედჩუკის ტელეარხების წამყვანი იყო.
ლუკაშენკას თქმით, რუსული ნაწილები ბელარუსში გეგმიური წვრთნების ფარგლებში იმყოფებოდნენ. „ჩვენი რიგი იყო. ჩვენ ეს წვრთნები ჩავატარეთ. ის მასშტაბური იყო. ჩვენ ვხედავდით, რა ვითარება იქმნებოდა არა მხოლოდ ბელარუსის საზღვართან. ვხედავდით, დასავლეთით ჩვენთან რა ხდებოდა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის მხრიდან. გაიხსენეთ ეს მიგრაციული კრიზისი“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკას თქმით, წვრთნების დასრულების შემდეგ რუსეთის ჯარმა ბელარუსის ტერიტორიიდან გასვლა დაიწყო.
„ეს იყო აღმოსავლეთის რეგიონები, ჯარები ფაქტობრივად შორეული აღმოსავლეთიდან. დაიწყეს გასვლა და უკვე 23-24 თებერვალს ამ ჯარების ნაწილმა უკრაინა-რუსეთის საზღვრების გადაკვეთა დაიწყო. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ამის შესახებ ლაპარაკობდა, ამერიკელები აფრთხილებდნენ, რომ ომი დაიწყებოდა. ეს ცოტას თუ სჯეროდა. დაიწყეს საზღვრის გადაკვეთა. რატომ? ჰკითხეთ თქვენს პრეზიდენტს უკრაინაში“, - თქვა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკას თქმით, მის მიმართ პრეტენზიები არავის უნდა ჰქონდეს.
„მე პრეტენზიებს ვერავინ წამომიყენებს, რადგან იქ არც ერთი ბელარუსი ჯარისკაცი არ ყოფილა. ჩვენ ეს საზღვარი არ გადაგვიკვეთავს. თქვენ კი ჩვენი პროვოცირება მოახდინეთ“, - თქვა ლუკაშენკამ.