თურქეთმა გააფრთხილა რუსეთი, რომ აუცილებელია თავიდან იყოს აცილებული დაძაბულობის ესკალაცია, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საზღვაო ძალებმა თურქულ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნეს . ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„{რუსეთის} ჩარევის შემდეგ შესაბამისად ჩვენს პარტნიორებს რუსეთის ფედერაციაში გაფრთხილება მიეცათ, რომ აუცილებელია ისეთი ქმედებების თავიდან აცილება, რომელიც შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
13 აგვისტოს შავი ზღვის ფლოტის რუსულმა ხომალდმა „ვასილი ბიკოვმა“, შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს „სუქრუ ოქანს“ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. რუსულმა ხომალდმა რომელიც ზღვაში პატრულირებდა, ოდესის ოლქის პორტ იზმაილისკენ მოძრავ ხომალდს შემოწმებისთვის გაჩერება მოსთხოვა, თუმცა კაპიტანმა მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და რუსულმა ხომალდმა ცეცხლი გაუხსნა.
ცეცხლის გახსნის შემდეგ, რუსი სამხედროები სატვირთო ხომალდზე ვერტმფრენიდან დაეშვნენ, გემი შეამოწმეს და პორტისკენ სვლის ნება დართეს.
რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ 17 ივლისს დატოვა და განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში მოძრავ გემებს, რომლებიც უკრაინული პორტებისკენ მიემართებიან, სამხედრო დანიშნულების მქონე ტვირთის პოტენციურ გადამზიდავებად განიხილავენ.
თურქეთის ხელისუფლება კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოექცა, რომ მომხდარზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. 17 აგვისტოს ერდოღანის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინციდენტზე ფორმალური რეაგირება პალაუს უნდა მოეხდინა.
„იმ შემთხვევაშიც კი თუ „სუქრუ ოქანის“ მფლობელი თურქია, გემი არ დაცურავს თურქეთის დროშის ქვეშ“, - ნათქვამია განცხადებაში.
პალაუ წყნარი ოკეანის არქიპელაგია, რომლის დროშაც ხშირად გამოიყენება სანაოსნო კომპანიების მიერ საერთაშორისო პორტებთან თავისუფლად წვდომისთვის.