შავი ზღვის ფლოტის რუსულმა ხომალდმა „ვასილი ბიკოვმა“, შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს „სუქრუ ოქანს“ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსულმა ხომალდმა რომელიც ზღვაში პატრულირებდა, ოდესის ოლქის პორტ იზმაილისკენ მოძრავ ხომალდს შემოწმებისთვის გაჩერება მოსთხოვა, თუმცა კაპიტანმა მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და რუსულმა ხომალდმა ცეცხლი გაუხსნა.
ცეცხლის გახსნის შემდეგ, რუსი სამხედროები სატვირთო ხომალდზე ვერტმფრენიდან დაეშვნენ, გემი შეამოწმეს და პორტისკენ სვლის ნება დართეს.
რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ 17 ივლისს დატოვა და განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში მოძრავ გემებს, რომლებიც უკრაინული პორტებისკენ მიემართებიან, სამხედრო დანიშნულების მქონე ტვირთის პოტენციურ გადამზიდავებად განიხილავენ.