ლონდონის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა მსახიობი კევინ სპეისი უდანაშაულოდ ცნეს სექსულაური ძალადობის ყველა საქმეში.
ვერდიქტის გამოტანამდე ნაფიცი მსაჯულები 12 საათის განმავლობაში თათბირობდნენ. თავად კევინ სპეისი გადაწყვეტლებას ემოციურად შეხვდა და ატირდა.
სპეისი დანაშაულს არ აღიარებდა არც ერთ ეპიზოდში, რომლებიც 2001-2013 წლებს ეხებოდა.
ჰოლივუდის ვარსკვლავს გამოძიება ედავებოდა ოთხი კაცის მიმართ სექსუალური ძალადობის შვიდ და სექსუალური შევიწროების ორ შემთხვევას.
სასამართლო პროცესი თითქმის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.
ბრალდება მოიცავდა სხვადასხვა სიმძიმის ეპიზოდებს - სექსუალური შევიწროვებიდან სექსუალურ ძალადობამდე.
სპეისიმ ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ განადგურებული იყო ბრალდებებით, რომლებიც მას წაუყენეს.
მსახიობი ამტკიცებდა, რომ ყველა ქმედება მასსა და იმ პირებს შორის, რომლებიც მას ადანაშაულებდნენ, ორივე მხარის თანხმობის შედეგად განვითარდა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროვებაში პირველად 2017 წელს დაადანაშაულა მსახიობმა ენტონი რეპმა. რეპის თანახმად, ეს მოხდა 1986 წელს ნიუ-იორკში, სპეისის სახლში წვეულების დროს. მაშინ ის 14 წლის იყო. ენტონი რეპი კევინ სპეისისგან მოითხოვდა 40 მილიონი დოლარის კომპენსაციას.
სკანდალის გამო კომპანია Netflix-მა სპეისთან თანამშრომლობა შეწყვიტა პოპულარულ ტელესერიალში „ბანქოს სახლი“. მსახიობს არ გადასცეს პრემია „ემიც", მის ბოლო ფილმებში კი ამოჭრეს სცენები სპეისის მონაწილეობით.
ლონდონის პროცესი კევინ სპეისის წინააღმდეგ მესამე საქმეა. მსახიობმა პირველი ორი საქმეც მოიგო.