„მინიმალური პენსია სწრაფად უნდა გახდეს 400 ლარი, 65 წლიდან და მაღალმთიანებისთვის 600 ლარამდე და საპენსიო სესხების ჩამოწერა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ლიდერებთან ერთად, თბილისში პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, გააგრძელებენ მუშაობას, პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე.
შეხვედრაზე საუბარი იყო პარტიის ახალ ინიციატივაზე, რომელიც შეეხება საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევასა და მინიმალური პენსიის გაზრდას 400 ლარის ოდენობამდე, ასევე საუბარი შეეხებოდა საპენსიო სესხების განულებასაც, ამ კამპანიის ფარგლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამოდენიმე დღის წინ, ლიბერთი ბანკთან აქციაც გამართა.
„მინიმალური პენსია ანუ 295 ლარიანი პენსია სწრაფად უნდა გახდეს 400 ლარი ყველა ის დანამატი, რომელიც არის, უნდა შენარჩუნდეს, ოღონდ არა 70 წლის ზემოთ, არამედ უკვე 65 წლის ზემოთ. ასევე მაღალმთიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დანამატები იყოს შენარჩუნებული და ეს ნიშნავს, რომ მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და საბოლოო ჯამში 65 წლის ზემოთ და მაღალმთიან რეგიონებში 600 ლარამდე. ამ თემებთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა თბილისელ პენსიონერებთან, ასევე ვისაუბრეთ საპენსიო სესხების განულებაზე და ასეთი არის 400 ათასამდე ადამიანი, რომელმაც სესხი 1000-1500 მაქსიმუმ 2000 ლარი და ახდევინებენ 4000-4500 და 5000 ლარს. ფაქტობრივად, სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე იღებენ სესხს და ეს კანონის სახელით ძარცვა აუცილებლად უნდა დავასრულოთ. ამიტომ, 60 წლიდან ყველას პენსია, მათ შორის ქალბატონებს, მამაკაცებს, მინიმალური პენსია 400 ლარი, თავისი დანამატებით 65 წლიდან და მაღალმთიანებისთვის 600 ლარამდე, საპენსიო სესხების ჩამოწერა და ასეთი არის 400 ათასი პენსიონერი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, შრომას ჩვენი პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.