საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიტკოინებით ნაშოვნი მილიარდები უნდა დაუბრუნდეს ხალხს, ამისთვის გვჭირდება გამარჯვების პლატფორმა, ამისთვის გვჭირდება სუპერენერგიული გიორგი ვაშაძე და ყველა პროდასავლელი ლიდერი - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარმე გიორგი ვაშაძემ, თავიანთი პარტიების ლიდერებთან ერთად, გამარჯვების პლატფორმის ფარგლებში სამტრედიაში, მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
„არავის აინტერესებს მათ შორის არც თქვენი საპენსიო სესხი, რომლითაც გძარცვავთ ბიძინა ივანიშვილი. არავის აინტერესებს თქვენი შვილების გამოკვება. ჩვენ ვამბობთ, რომ 600 ათას ბავშვს სკოლებში უნდა ჰქონდეთ უფასო კვება, ჩვენ ვამბობთ, რომ 400 ათას პენსიონერს უნდა ჩამოეწეროს საპენსიო სესხები. ჩვენ ვამბობთ, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბიტკოინებით რომ მილიარდები იშოვა, ეს მილიარდები უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ტარიფიც უნდა დაბრუნდეს იმ ნიშნულზე, სანამ ბიძინა ივანიშვილი დაიწყებდა ძარცვას. ამისთვის გვჭირდება გამარჯვების პლატფორმა, ამისთვის გვჭირდება ერთობა, ამისთვის გვჭირდება „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობა, ამისთვის გვჭირდება სუპერ ენერგიული გიორგი ვაშაძე, ამისთვის გვჭირდება ყველა პროდასავლელი ლიდერი, ვისაც შეუძლია ერთი აგურის დადება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ჩვენ წავალთ ყველგან, მოვალთ ყველა მუნიციპალიტეტში, გავესაუბრებით ყველა მოქალაქეს და დავარწმუნებთ, რომ გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის ხელში, გამარჯვება არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, გამარჯვება არის თქვენს ხელში და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.