სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ საქართველოს პრეზიდენტის ქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშრებით განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის შემოპარებით, მას საქართველოს მიმართ კეთილი ზრახვები არ ჰქონია.
„ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩართული სააკაშვილის შემოპარვაში, გასაგებია, რომ მას არ აქვს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ვხედავთ და ღიად ჩანს, ვინ იყო და რჩება მის ამ ქცევის პოლიტიკურ მხარდამჭერად. ვხედავთ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლომდე არიან გადაფარებული სააკაშვილს, არა იმიტომ, რომ მის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიები ან მხარდაჭერა აქვთ. სააკაშვილი არის ინსტრუმენტი და სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენება უნდოდათ შარშან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, რათა აერიათ მდგომარეობა საქართველოში.
ყველა ხვდება, რა იყო მისი ჩუმად შემოპარვის მიზანი, რომ აერია ვითარება, შემდეგ ყოფილიყო დაპირისპირება და შემდეგ ვისი ტანკი იდგებოდა საქართველოს ქუჩებში, ვისი ტყვია გაისროდა, ეს აღარავინ იცის. ჩვენ მაშინ გაგვწირა ყველამ, გაგვწირა ყველამ, ვინც მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდა და მასთან ერთად კონფერენციებსა და სემინარებს ატარებდნენ. ამით აგულიანებდნენ მის ასეთ ქცევას, რომ საბოლოო ჯამში, შემოპარულიყო საქართველოში. გაგვწირა მათ შორის ჩვენმა ოპოზიციამ, რომელმაც თუ ვინმემ იცოდა და არაფერი თქვა, ან ამის შემდეგ არ დაგმო. გაგვწირა მათ შორის არასამთავროობო სექტორმა, ამაზე დღემდე ხმას არ იღებს არავინ. ერთადერთი რამაც ჩვენი ქვეყანა ამ არეულობას გადაარჩინა, არის ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც დროულად გამოავლინა მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისად, შეიყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, პაპუაშვილმა აღნიშნა:
„ვერ გეტყვით, სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ საქართველოს პრეზიდენტის ქცევა. ერთადერთი რამ არის ცხადი, კითხვის ნიშანი არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც მას მისჯილი აქვს სასჯელი. კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ მოპყრობა სათანადოა და უმაღლესი სტანდარტის. ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. როდესაც არ არსებობს კითხვის ნიშნები, აქ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის ის, რომ მიდგომაც უნდა იყოს სამართლიანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.