უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ომს აჭიანურებს.
„რუსეთი აგრძელებს ამ ომის გაჭიანურებას და ცდილობს დიპლომატია პირდაპირ ფარსად აქციოს. და ამაზე საერთო რეაქცია უნდა არსებობდეს: დაბომბვასა და ნგრევაზე, დიპლომატიური ძალისხმევისა და ცივილიზებული დიალოგის უგულებელყოფაზე. პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია: დიპლომატიის გასააქტიურებლად, ჩვენ გვჭირდება ეფექტური შეზღუდვები რუსული ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სანქციებზე ზეწოლის გაზრდას და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობას.
„გრძელვადიანი მშვიდობა მოითხოვს ეფექტურ და რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ სექტემბრის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, თითქმის 900 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის ორმოცდაათამდე რაკეტა გამოიყენა.
სექტემბრის პირველ კვირას მტერმა შეუტია ჩერნიჰივის, ხარკოვის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ზაპოროჟიეს, დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვის, როვენისა და ლვოვის ოლქებს. აფეთქებების ხმა უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისმოდა.