ლოგიკურია, რომ გვარამია ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არიან ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ გაირკვა, ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია.
„მათ ბევრად ადრე იცოდნენ შეწყალების თაობაზე, ვიდრე საზოგადოებამ გაიგო ამის შესახებ საქართველოში. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ასევე, ეს ყველაფერი მეტყველებს ამ ადამიანების დამოკიდებულებაზე საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ. შეგახსენებთ, რომ გვარამია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ფუთავდა 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრას. ანუ, ის არის პირდაპირ ასოცირებული დამოუკიდებელ მედიაზე შეტევასთან. ასევე, მოგვიანებით მისი საქმიანობა დაკავშირებულია, მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გაძარცვასთან 7 მლნ ლარით და ა.შ. როდესაც ასეთ ადამიანს ხვდებიან, როგორც მედიის წარმომადგენელს, ეს მეტყველებს ამ ადამიანების დამოკიდებულებაზე მედიის თავისუფლების ფენომენის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.