აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს რესპუბლიკური პარტიიდან.
შესაბამისი ვიდეომიმართვა მან Twitter-ში გამოაქვეყნა. მიმართვაში პენსი ამბობს, რომ ისწრაფვის დააბრუნოს ამერიკა კონსერვატიული ღირებულებების პრინციპებზე.
„ადვილი იქნებოდა გვერდზე გადგომა. მაგრამ მე ასე არ აღვზრდილვარ. სწორედ ამიტომ ღმერთისა და ჩემი ოჯახის წინაშე ვაცხადებ, რომ კენჭს ვიყრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში“, - განაცხადა პენსმა.
მისი თქმით, საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის.
„მჯერა ამერიკელი ხალხის და მაქვს რწმენა, რომ ღმერთს ჯერ არ დაუსრულებია ამერიკა. ერთად, ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყნის დაბრუნება და საუკეთესო დღეები უდიდესი ერისთვის ჯერ კიდევ წინ არის“, – აღნიშნა მაიკ პენსმა.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი თავისი კამპანიას ოჯახთან და მხარდამჭერებთან ერთად 7 ივნისს, ნაშუადღევს აიოვას შტატში დაიწყებს, რომელიც ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც ხმის მიცემა ადრეულად იწყება.
საპრეზიდენტო არჩვენების მარათონში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა და გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ, ბიზნესმენმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა ვივეკ რამასვემიმ, სენატორმა სამხრეთ კაროლინის შტატიდან ტიმ სკოტმა, ნიუ-ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ, არკანზასისი შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ასა ჰათჩინსონმა, რადიოწამყვანმა ლერი ელდერმა, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა.