ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, შეთანხმება გაამრტივებს მექანიზმებს და შეამცირებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის მოკლევადიანი ვიზების მისაღებად სჭირდებათ.
ვიზები განაცხადის შეტანიდან 10 დღის განმავლობაში გაიცემა და ის 35 ევრო ეღირება. ვიზის საფასურს არ გადაიხდიან სტუდენტები, ჟურნალისტები, პენსიონერები, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, უმწეოები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უახლოესი ნათესავები და კიდევ რამდენიმე კატეგორიის ადამიანები.
ევროპარლამენტის კომისიის წევრის სესილია მალმშტორმის განცხადებით, აღნიშნული საქართველოსა და ევროკავშირს კიდევ უფრო დაახლოებს.
"2008 წელს საქართველოში მომხდარი ომის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წინ წავწიოთ ურთიერთობა საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების კუთხით. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს კიდევ უფრო დაახლოებს. ამ შეთანხმებით ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში გადაადგილება გახდება სწრაფი და იაფი საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განმარტა ევროპარლამენტის კომისიის წევრმა.
აღსანიშნავია, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ კანონპროექტის გარდა ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შესახებ მიღწეული შეთანხმებაც დაამტკიცა.