უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს. ამის მიზეზი საერთაშორისო ტურნირზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება გახდა.
უკრაინის ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვიტალი დუბროვას განცხადებით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ არ შეამოწმა სპორტსმენები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ. მისივე თქმით, განაცხადში ასევე არიან რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის წარმომადგენლებიც.
მისი განმარტებით, 2023 წლის 28 მარტის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებით სპორტსმენები, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ რუსეთის ან ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან ასპარეზობებზე არ დაიშვებიან.
როგორც ცნობილი გახდა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ღონისძიებებზე დაიშვებიან. ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.
შეჯიბრებში გამოსვლამდე შემოწმდება ძიუდოისტების ისტორია და ინდივიდუალურად განიხილავენ, დაუშვან თუ არა სპორტსმენი ასპარეზობაზე.
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დოჰაში 7-დან 14 მაისამდე ჩატარდება