ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში სერია ა-ს ლიდერმა,"ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ნეაპოლელებს პირველი მატჩი წაგებული ჰქონდათ, შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
ქართველმა ფეხბურთელმა 81-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, პენალტი ვერ გაიტანა. მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
"რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ. მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!" - წერს ფეხბურთელი.