ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება გარდაუვალია და ბარაკ ობამას განცხადებაც საქართველოს ხელისუფლებისადმი სწორედ აღნიშნულის გზავნილს წარმოადგენს.
"ობამას მიერ გაკეთებული განცხადება ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე იქნება სერიოზული ზეწოლა, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას დაეთანხმოს. ჩვენი ხელისუფლების სიჯიუტე ამ მდგომარეობას ვერ შეცვლის. მართალია, დასავლეთი შეეცდება ანგარიში გაუწიოს საქართველოს პოზიციას, მაგრამ თუ ძალიან გაჯიუტდა, რუსეთის მხარეს დაიკავებს", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" ბარაკ ობამას განცხადებაზე კომენტირებისას.
ამასთან, ექსპერტის განმარტებით, დასავლეთს და კერძოდ, შეერთებულ შტატებს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება სამი მიზეზის გამო სურს.
"ჯერ ერთი რომ რუსეთს აქვს უზარმაზარი ბაზარი და მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზარზე დასავლეთის ქვეყნების პროდუქცია უკვე შესულია, ვმო-ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთი იძულებული იქნება მათ ტვირთების შეტანისას დაბალი დატიფები დაუწესოს. მეორე მიზეზია ის, რომ ვმო-ს წევრობა მოსკოვს დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოებს, ჩინეთის სივრცეს კი მოსწყვეტს, რასაც აშშ-ის სტრატეგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება მესამე მიზეზს, დასავლეთი ფიქრობს, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთის ჩართულობით ის მოსკოვზე მეტი ზემოქმედების საშუალებას მოიპოვებს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით და გამორიცხავს რუსეთისგან მოულოდნელ ქმედებებს - როგორსაც ირანთან ან თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი", - განმარტავს ექსპერტი.
აღნიშნულ კონტექსტში, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შექმნილი მდომარეობა თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს - ის მოთხოვნა, რასაც ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერისთვის აყენებს, მოხსნას და მოსკოვისგან რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის "ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით" გარანტიები ითხოვოს.
"თუ ქართული მხარე დათანხმდება (ალბათ დათანხმდება) და მოხსნის მოთხოვნას (რომელიც ძალიან რთული შესასრულებელია), მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენთვის იყოს გახსნილი, თან გარანტირებულად გახსნილი. წესდებით, რუსეთი საქართველოს პროდუქციას ვერ დაბლოკავს, მაგრამ შეიძლება სანიტარული სამსახური აამუშაოს და აღმოაჩინოს, რომ, მაგალითად, ქართული ღვინო ფალსიფიცირებულია. ასე რომ, საქართველომ უნდა მოითხოვოს გარანტიები, რომ ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე საფრთხე არ შეექმნება", - დასძინა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება აუცილებელია, რის კონტექსტშიც, მან მოსკოვს დახმარება აღუთქვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ვმო-ში რუსეთის შესვლის საკითხს ვეტოს საქართველო ადებს და აღნიშნულის წინაპირობად როკის გვირაბთან და ფსოუზე არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივ ლეგალიზაციას აყენებს.