ოფიციალური თბილისი რუსულ მხარეს ჟენევის მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ რუსეთში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მარიონეტულ რეჟიმებთან არ აპირებს.
"რუსეთში გაკეთებული განცხადება სხვა თუ არაფერი ეს არის მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება, ჩიხში შეიყვანოს ჟენევის მოლაპარაკებები და ერთ დონეზე გაიყვანოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული სამშვიდობო ინიციატივა და მარიონეტული რეჟიმების ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია", - აცხადებს კაპანაძე.
მისივე განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ქართული მხარე მხოლოდ იმაზე ისაუბრებს, რომ საქართველოს წინაშე ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება რუსეთმა აიღოს.
შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე ჟენევის მოლაპარაკებათა მე-14 რაუნდზე, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების საქართველოსა და მარიონეტულ აფხაზეთსა და საქართველოსა და მარიონეტულ ცხინვალს შორის გაფორმების საკითხის დაყენებას აპირებს.