მავნებლური დამოკიდებულებაა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და საქართველოს ხელისუფლება არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობას,- პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით ამგვარი დამოკიდებულება ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოში პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
"რაც შეეხება დამოკიდებულებას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათო, არასწორი, მავნებლური დამოკიდებულებაა, ყოფენ, რომ საქართველოს ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს. სინამდვილეში, ეს არის მათი მხრიდან საქართველოში პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. ხვდებიან რა, რომ საქართველო, როგორც სუბიექტი იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, ახლა ისინი ცდილობენ, ამ პროცესს, წარმატებას, რომელიც დამსახურებული წარმატებაა საქართველოსი, ჩამოაცილონ საქართველოს ხელისუფლება. ეს არ არის სწორი მიდგომა და ეს, მათ შორის, უპატივცემულობაა ქართველი ხალხის არჩევანისა, რომელმაც აირჩია ეს ხელისუფლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, არ შეიძლება, ევროპარლამენტის რომელიმე პოლიტიკური გუნდის ანტაგონისტური დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მიმართ გახდეს წინაღობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.
„კრიტიკულად მიუღებელია, წარმოუდგენელი რამ არის, როდესაც გვთავაზობენ ასეთ ლოგიკას, რომ ცალკე ხელისუფლების დამსახურებაზე და ცალკე ხალხის დამსახურებაზე საუბრობენ. საქართველო ერთიანად იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, კანდიდატის სტატუსს. ეს ითქვა, ეს არის ყველაზე მთავარი, ეს უნდა დავინახოთ, მოსწონს ეს, მაგალითად, კუბილიუსს თუ არ მოსწონს, დღეს საქართველო სწორედ თავისი ხელისუფლების დამსახურებით, მათ შორის, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ევროპული ღირებულებები რისთვისაც არის ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და მიმართულება, საითაც ვვითარდებით, სწორედ იმას გულისხმობს, რომ სამართლიანია გადაწყვეტილებები და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით მიიღება, თუკი ჩვენ მხედველობაში მივიღებთ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება, მაგალითად, ევროპარლამენტის რომელიმე პოლიტიკური გუნდის ანტაგონისტური დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მიმართ გახდეს წინაღობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.