"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტს აჭარაში მოსახლეობისთვის ჩამორთმეული კერძო საკუთრების საკითხებზე რეაგირებას სთხოვს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან მთავრობას და პარლამენტს აჭარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობის კერძო საკუთრების უფლების უხეში დარღვევის ფაქტებით დაინტერესება ურჩია.
"დღეს არის ადამიანის უფლების დაცვის დღე. მინდოდა პარლამენტისთვის მიმელოცა, მაგრამ სამწუხაროდ ამის მიზეზი არ მაქვს, აჭარაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ შევთანხმდით, რომ საკუთრების უფლების დარღვევის საკითხებს მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანდა პარლამენტი, თუმცა ამის ნაცვლად გონიოში მოსახლეობის უფლების დარღვევის ახალი ტალღა დაიწყო და 280 ადამიანს, რომელსაც კუთვნილი მიწის ნაკვეთი პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე აქვს დაკანონებული და ყველა საბუთი წესრიგში აქვს, ნაკვეთები უკანონოდ ჩამოართვეს", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, აჭარის ადგილობრივი მთავრობა და მუნიციპალიტეტი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს უხეშად არღვევს, რაც კერძო საკუთრების დაცვას ეხება.