საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა, 31:7 დაამარცხა და 19 მარტს პორტუგალიის წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასი მეთექვსმეტედ მოიპოვა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 4 მარტს გამოვლინდა – პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში ესპანეთი 27:10 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამრიგად, 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.