თამაშის ვნებით შეპყრობილი იყო თამარ სხირტლაძე. 1949 წელს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია დაამთავრა. მანამდე კი თავად დგამდა სპექტაკლებს... ინტერნაციონალურ ეზოში ცხოვრობდა, გორკის ქუჩაზე, ამიტომ მის სპექტაკლებში რუსები, სომხები თუ აზერბაიჯანელები, ქართველებთან ერთად, თავიანთ ენაზე საუბრობდნენ; გამოჰქონდათ სახლიდან ფარდები, მოაწყობდნენ პატარა სცენას… ბილეთებსაც ჰყიდდნენ, 5 კაპიკად. შეგროვებული თანხით ნაყინს ყიდულობდნენ. ერთხელ დედას ახალთახალი ზეწარი დაუჭრა, შლეიფად გამოიყენა; მაღალქუსლიანის ჩაცმა თუ დასჭირდებოდა, ძაფის კოჭებს მიაწებებდა საკუთარ ფეხსაცმელს, ქაღალდის მარაოსაც თავად აკეთებდა და ასე თამაშით შემოდიოდა თამარ სხირტლაძის ცნობიერში თეატრიც და სამყაროც.
პირველი დიდი გატაცება ოპერა იყო, საბალეტო ხელოვნებით მოიხიბლა და შეიშალა, თავადაც ცეკვავდა… მერე დრამატული თეატრი შემოიჭრა მის ცხოვრებაში. ყველაზე დიდი შთაბეჭდილებაც „ურიელ აკოსტას“ ნახვისას მიიღო — ლამის გაქვავდა სკამზე, იმდენად ძლიერი იყო სპექტაკლიდან მიღებული ემოცია.
მერე, როცა სტუდენტი გახდა, სწორედ „ურიელ აკოსტა“ იყო მისი პირველი წარმოდგენა, მასიურ სცენაში დააყენეს. 1948 წ. მარჯანიშვილის თეატრში შალვა დადიანის „ნინოშვილის გურიის“ კაპიტალური აღდგენა დაიწყეს. სესილია თაყაიშვილი ისევ გაანაწილეს ქრისტინეს როლზე, თუმცა მან რეჟისორ დოდო ანთაძეს უთხრა: არ შემშალოთ, რაღა დროს ჩემი გაუპატიურების სცენის თამაშია. აგერ ახალგაზრდა, მერცხალივით გოგოა, ამან ითამაშოს და ეს გააუპატიურეთო. ძველი თეატრის მსახიობების — ნიკო გოცირიძისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილის — გვერდითაც ითამაშა სპექტაკლში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1965 წ.). თავად ასე იგონებდა: „მოვესწარი, პრაქტიკულად, ყველა მსახიობს, ვინც კი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. ყველასთან ვითამაშე, უშანგი ჩხეიძის გარდა. ბევრის უშუალო პარტნიორიც ვიყავი, ზოგის — დუბლიორიც. უშანგი არ მინახავს სცენაზე, თუმცა საამაყოდ მაქვს, რომ მისი სამსახიობო კურსი მხოლოდ ერთხელ შედგა და მე, ჩემი მეუღლე კოტე თოლორაია, თენგიზ მაისურაძე და გივი ვლადიმერაშვილი მისი ნამოწაფრები ვართ“. ცხოვრებამ ისიც არგუნა, რომ ვერიკო ანჯაფარიძის პარტნიორი და დუბლიორი ყოფილიყო არაერთ სპექტაკლში. სწორედ ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ თამარ სხირტლაძემ პირველმა მოხსნა მისი რეკორდი — 70 წელი სცენაზე.
ლილი იოსელიანისგან ისწავლა როლის ამოხსნის საიდუმლო. ძირითადად, ფიქრში ქმნიდა გმირის ხასიათს.
არჩილ კერესელიძე „გენიალურ თამარას“ ეძახდა;
კიტა ბუაჩიძის „მკაცრ ქალიშვილებში“ (1956 წ.) ფოსინეს როლით მოხიბლულმა იოსებ გრიშაშვილმა უთხრა: „შენ ძალიან მაგარი აქტრისა იქნები“;
უშანგი ჩხეიძე ამბობდა, ის რიჟა გოგო ნიჭიერიაო.
80-ზე მეტი როლი ითამაშა სცენაზე. რამდენი უძილო ღამის ფასად იქმნებოდა მისი მაყვალა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), ლამაზისეული (ი. ჭავჭვაძის "კაცია-ადამიანი?!"), მზევინარი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), მაია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), მისის პირსი (ბ. შოუს "პიგმალიონი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის კოლმეურნის ქორწინება"), გონერილა (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ეკა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“), შოუჰარ მარშანი (ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“)...
კინოში გვიან (1971 წ.) გადაიღეს – ფაქტურას უწუნებდნენ: ქართველს არ ჰგავსო. მერე აქაც წარმატებით აეწყო მისი კარიერა, ითამაშა „მოსფილმში“, „ლენფილმში“, 40-მდე როლი ქართულ კინოში, მათ შორის: "წინაპართა მიწა" (დარია, 1979), "დღეს ღამე უთენებია" (მოხუცი ევა, 1983), "ადამიანთა სევდა" (1984), "ფესვები" (1987), "ზვარაკი" (1990), "ლუკას სახარება" (1998), "ნუცას სკოლა" (ნიკას დედა, 2000), "ჯართოსანი" (მართა, 2009), "გული+" (2011), "37-" (2012) და სხვ.
თამარ სხირტლაძე პირდაპირი ადამიანი იყო, არ უყვარდა ტყუილი და პირფერობა. ბევრი ამას სიხისტედ უთვლიდა, თუმცა არც ლირიზმი და სირბილე აკლდა მის ხასიათს. ხევსურმა ბაბალე ალუდაურმა, რომელიც გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდაში“ პარტნიორობას უწევდა, ასე გაიხსენა მასთან ურთიერთობა: „მკაცრ ქალ იყო, მაგრამ კარგ ქალ იყო!“
როგორ ზუსტად თქვა!
თამარ სხირტლაძემ მრავალ ომსა და ქარტეხილს გაუძლო, პოლიტიკური სისტემებისა და იმპერიების დემონტაჟს, თაობათა ცვლას, კონფლიქტებსა და ინტრიგებს თეატრში, ცხოვრებაში… ჰქონია წარმატებული როლებიც და ჩავარდნებიც, არ დაჰკლებია ტკივილი და სიხარული, მაგრამ ყველაფერს იტანდა ქართული სიდარბაისლით, ღირსების გამძაფრებული შეგრძნებით. არაერთხელ განუსახიერებია გამწარებული, შვილმკვდარი დედები (მართა, კაკანო, ოთარაანთ ქვრივი, სანათა), სამწუხაროდ, ცხოვრებაში სცენურ გმირთა ბედი გაიზიარა!
სცენაზე იდგა დიდხანს — ისევ ძლიერი და ენერგიული, შემტევი და მებრძოლი, ახალ როლზე მეოცნებე 93 წლის ასაკშიც.
რატომ? — ასეთია თამაშის ხელოვნების დაუწერელი კანონი — სანამ ცოცხალი ხარ, უნდა მოასწრო სხვადქცევა, უნდა გარდაისახო, რათა იპოვო საკუთარი თავი!
— რაც კარგები ვართ, რაჭველები ვართ! — ასე იწყებოდა ჩვენი შეხვედრაც და სატელეფონო საუბრებიც. ხანდახან გამიჯავრდებოდა, მერე უცებ ბავშვივით მოიბუზებოდა, მხარზე თავს მომადებდა... მიყვარდა მისი უჩვეულოდ ხალასი იუმორიც; განსაკუთრებულ მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენდა; არც მოკითხვას დაიზარებდა და არც — მოლოცვას; ვაჟკაცურად დაგიდგებოდა გვერდით, ბოლომდე გიერთგულებდა, მაგრამ ჩვენი შეხვედრებისა და საუბრების ბოლო მაინც ქართული თეატრი იყო — მისი საფიცარი და საოცნებო მარჯანიშვილის თეატრი. სწორედ აქ, ამ შენობის კედლებში, გაატარა თამარ სხირტლაძემ თავისი ცხოვრების 73 წელი და, მაყურებლის სიყვარულთან ერთად, ახლა მშობლიური თეატრი მიაცილებს მას იქ, სადაც უფრო დიდი — ვარსკვლავების თეატრი ელოდება...