გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ქვეყანა მოემზადა რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის.
"ჩვენ მობილიზებულები ვართ, როგორც ქვეყანა, რადგან ჩვენ ვართ სოლიდარული ქვეყანა. ჩვენ ამას გადავლახავთ", - თქვა შოლმცა.
"ჩვენ სერიოზულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება", - განაცხადა კანცლერმა და დასძინა, რომ ამას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპასა და მსოფლიოში გრძნობენ.
"გერმანია მზად არის, რომ რუსეთი დიდწილად შეწყვეტს გაზის მიწოდებას", - აღნიშნა შოლცმა.
ამავდროულად, შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკვე მზადაა ტერმინალები თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად და გერმანიამ საკუთარი მარაგების ეკონომია დაიწყო.
3 სექტემბრის მდგომარეობით, გერმანიაში გაზის მარაგები 84.53%-მდე იყო შევსებული.
შეგახსენებთ, რუსულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა "გაზპრომმა" 3 სექტემბრიდან აღარ განაახლა ევროპისთვის "ჩრდილოეთის ნაკადით" გაზის მიწოდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
"გაზპრომი" მილსადენის მუშაობის შეჩერების მიზეზად საკომპრესორო სადგურზე ნავთობის გაჟონვას ასახელებს.
უკრაინაში გაჩაღებული ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, "გაზპრომს" მანამდეც შემცირებული ჰქონდა ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდება.
შექმნილი ვითარების ფონზე, ევროკავშირმა გააქტიურა მუშაობა ბაზრის დივერსიფიკაციის, ენერგიის დაზოგვისა და საცავების შევსების მიმართულებით.