რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია "გაზპრომი" აცხადებს, რომ მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას ხვალიდან არ განაახლებს, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი.
"გაზპრომმა" ტექნიკური სამუშაოების მოტივით, ევროპისთვის გაზის მიწოდება 3 დღით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით შეაჩერა. მოელოდნენ, რომ 3 სექტემბრიდან მიწოდება აღდგებოდა.
კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში გაზის მიწოდების განახლების სავარაუდო თარიღი მითითებული არ არის.
როგორც "ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, "გაზპრომი" მილსადენის მუშაობის შეჩერების მიზეზად ნავთობის გაჟონვას ასახელებს.
"გაზპრომის" მტკიცებით, ხარვეზი გამოვლინდა პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე.
კომპანია ირწმუნება, რომ საკვანძო ძრავებში ნავთობის გაჟონვის პრობლების აღმოფხვა მხოლოდ სპეციალიზირებულ საამქროებშია შესაძლებელი, რაც დასავლეთის სანქციების გამო ვერ მოხერხდება.
"პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე, გაზის მიწოდება შეჩერებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, "გაზპრომმა" თავისი განცხადებისადმი ნდობის გასამყარებლად ტელეგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახულია სავარაუდო "გაჟონვა".
მილსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 1" გადაჭიმულია 1200 კილომეტრზე და გადის ბალტიის ზღვის ქვეშ, რუსეთის სანაპიროდან, სანკტ-პეტერბურგის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიამდე.
ის 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვა შეუძლია.
მილსადენს ოპერირებას უწევს Nord Stream AG, რომლის ძირითადი აქციონერი რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომია".
გერმანია მხარს უჭერდა პარალელური მილსადენის - "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობას, მაგრამ პროექტი შეჩერდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.