რუსული კონცერნი "გაზპრომი" 3 დღით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაზსადენის "ჩრდილოეთ ნაკადის" გავლით გაზის მიწოდებას შეაჩერებს.
"გაპრომის" თანახმად, "პორტოვაიას" კომპრესორის სადგურზე, Trent 60-ის აგრეგატი, რომელიც მილსადენში ნედლეულის გადატუმბვაზეა პასუხისმგებელი, მოითხოვს დაგეგმილ კაპიტალურ შეკეთებას და მოვლას.
"გაზპრომმა" 11 ივლისსაც შეაჩერა ერთი ტურბინის მუშაობა, ყოველწლიური გეგმიური ტექნიკური სამუშაოების მოტივით, რითაც შეამცირა გაზის მიწოდება ევროპისთვის. 21 ივლისიდან კი კვლავ განაახლა გაზის მიწოდება დღიურად 67 მილიონი კუბური მეტრის მოცულობით. ეს რაოდენობა შეესაბამებოდა იმ მოცულობას, რაც იყო "სარემონტო სამუშაოების" დაწყებამდე, თუმცა ეს არის მილსადენის მაქსიმალური დატვირთვის მხოლოდ 40%. დანარჩენი 60%-ი რუსეთმა ჯერ კიდევ ივნისში შეაჩერა იმ მოტივით, რომ კანადიდან ვერ დაიბრუნა Siemens-ის ტურბინა, რომელსაც მონრეალში სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.
ამავდროულად, რუსეთს ჯერ კიდევ არ წაუღია Siemens-ის ტურბინა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადისთვის", რომელსაც კანადაში ტექნიკური სამუშაოები ჩაუტარდა და ივლისის შუა რიცხვებიდან გერმანიაში იმყოფება.
Siemens Energy-ის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი უარს ამბობს საბაჟო დოკუმენტაციის წარმოდგენაზე, რათა მოხდეს ტურბინის რუსეთში ტრანსპორტირება.
აგვისტოს დასაწყისში, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოსკოვის მიმართ გამოთქვა ბრალდება, რომ ის განზრახ ბლოკავს გაზის მოცულობის გაზრდისთვის საჭირო ტურბინის რუსეთში გადაზიდვას, რადგან არ წარმოადგენს შესაბამის საბუთებს.