"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
კობახიძის განცხადებით, "სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს".
„ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ. რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
თუ არ ვცდები, ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული – „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის. ამას საზოგადოება ხედავს, ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები, სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან. ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი. მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში. პირდაპირ საჯაროდ, „ფეისბუქზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს. ამ პარტიის მხარდამჭერები, წარმომადგენლები აგინებენ „ფეისბუქით“ ერთმანეთს. აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ღია წყაროები. სოცმედიას დააკვირდით და ნახავთ, რამდენად მასშტაბურია დაპირისპირება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.