"ახალი მემარჯვენეები" ლადო ვარძელაშვილს სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება იმ პერიოდს, როცა ვარძელაშვილი შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული იყო.
"ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთ ფაქტებს, როცა გუბერნატორი უცერემონიოდ უნიშნავს საკუთარ თავს 3 000 ლარიან ყოველთვიურ პრემიას, გამოყოფს თვეში 1000 ლარს სატელეფონო საუბრების ასანაზღაურებლად, გამოყოფს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საწვავს და ხარჯებს სამსახურებრივი ავტომანქანის შესანახად, საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად, მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება და მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც სწორედ შიდა ქართლში დღეს უამრავი დევნილი და საზღვრისპირა სოფლებში - ათი ათასობით უსახსროდ დარჩენილი ადამიანი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან მიზერულ კომპენსაციასაც ვერ იღებს", - ამტკიცებენ
პარტიის გორის და ქარელის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები სოსო ბორცვაძე და ნათია გოჩაშვილი.
ამასთან, მათი განმარტებით, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების პირადი სარგებლობისთვის გამოყენების მსგავსი ფაქტები სხვა რეგიონებშიც ხდებოდეს, რის კონტექსტშიც ისინი მოითხოვენ, განხორციელდეს კონტროლი და შეუფერხებლად ხდებოდეს ინფორმაციის მიწოდება მედიის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მხარის, მუნიციპალიტეტების ამჟამინდელი ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების და მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გაწეულ სხვა ხარჯებთან დაკავშირებით.
"ხელისუფლების მიერ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა რეგიონში მხოლოდ რიგით მოქალაქეებს ეხებათ და მაღალ თანამდებობებზე მყოფი სახელმწიფო მოხელეები კვლავაც აგრძელებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრებას", - აცხადებენ "მემარჯვენეები".