მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები ზურაბ ნოღაიდელს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.
როგორც პარტიის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ხოხიაშვილმა დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მოძრაობის თავმჯდომარის მიერ მასთან და რამდენიმე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, მათი ხელისუფლების აგენტობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება და ნოღაიდელი თვითონაა ხელისუფლების აგენტი.
"ზურაბ ნოღაიდელი თვითონაა ხელისუფლების აგენტი. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მან შიდაპარტიულ თათბირზე განაცხადა, რომ არჩევნები აღარ აინტერესებს და ძიძიგურის მერობისათვის და დავითაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის ფულის დახარჯვას არ აპირებს. მან ამ მიზნით დაშალა რეგიონული ორგანიზაციებიც", - განაცხადა ხოხიაშვილმა.
მისივე თქმით, ნოღაიდელი პარტიის წევრებს ფულს ათეთრებინებდა, ამისათვის დონორი ორგანიზაციების მიერ გადმორიცხულ თანხას აძლევდა პარტიის წევრებს, რომლებსაც შემოწირულობების სახით უკანვე შეჰქონდათ პარტიაში.
"არჩევნების დროს "კარდაკარის" პრინციპით ამომრჩეველთა აღრიცხვის დროს ერთ ოჯახზე დონორი ორგანიზაციები იხდიდნენ 3,50 ლარს და ნოღაიდელი კი მხოლოდ 0,70 თეთრს აძლევდა აქტივისტებს. გვაინტერესებს, სად წავიდა ეს თანხა და ვითხოვთ ფინანსურ დოკუმენტაციას",- განაცხადა ხოხიაშვილმა.
ამასთან, მისი განმარტებით, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები ჯერ ისევ რჩებიან პარტიაში და ითხოვენ რიგგარეშე ყრილობას, რათა პასუხი გაეცეს ყველა იმ შეკითხვას, რაც ამ პერიოდში პარტიის წევრებს დაუგროვდათ.